2014 წლის 28 ივლისს სრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ამ ომის შედეგებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო წესრიგი და გაამრავალფეროვნა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. სწორედ ამ ომის მიმდინარეობისას მოიპოვა დამოუკიდებლობა საქართველომ და ჩამოყალიბდა იმ საზღვრებში, რომელშიც ის არსებობდა და არსებობს მომდევნო საუკუნის განმავლობაში.
"მსოფლიო ომი" ("პირველი მსოფლიო ომი" მას მხოლოდ 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეწოდა), "დიდი ომი", "ყველა ომების დამამთავრებელი ომი", "იმპერიალისტური ომი", "ომი ცივილიზაციის დასაცავად" - ამ და მსგავსი პომპეზური ეპითეტებით შემკული გიგანტური სისხლისმღვრელი აქცია 1914 წლის 28 ივლისს დაიწყო. იმ დღეს დამთავრდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიერ სერბეთის სამეფოსათვის წარდგენილი ულტიმატუმის ვადა, რომელიც გულისხმობდა სერბეთის დათანხმებას მკაცრ ზომებზე ერთი თვით ადრე ქ. სარაევოში ბოსნიელი სერბი ტერორისტის მიერ ვენის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდისა და მისი მეუღლის მკვლელობისათვის. სერბეთმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა და აქეზებდა რუსეთის იმპერია, ულტიმატუმის რამდენიმე პუნქტის შესრულებაზე უარი განაცხადა. ამიტომაც ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ომი გამოუცხადა, სხვათა შორის, დეპეშით. მეორე დილას კი ავსტრო-უნგრულმა არტილერიამ დაიწყო იქვე, საზღვრის გადაღმა მდებარე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის დაბომბვა. ამას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია. მალე თითქმის მთელი ევროპა და მერე თითქმის მთელი მსოფლიო ომში ჩართული აღმოჩნდა.
ერთი შეხედვით, ომი შემთხვევითმა ფაქტმა - ტერორისტის გასროლამ - გამოიწვია. მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. დიდი ომი გარდაუვალი იყო. თანაც თავიდანვე ნათელი იყო, თუ ვინ იქნებოდნენ ძირითადი მეტოქეები.
საქმე ისაა, რომ ომის წინ განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა მსოფლიოს ეკონომიკური რუკა, რასაც უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური რუკის გარდაქმნის მცდელობაც. ასეთი გარდაქმნა კი ნებაყოფლობით არ ხდება ხოლმე. მსოფლიო კვლავაც "მგლური კანონებით" ცხოვრობდა და ტერიტორიების მიტაცება და კოლონიების გადანაწილება ნორმად ითვლებოდა. თავის როლს ასრულებდა იმპერიალიზმი, გამძაფრებული ნაციონალიზმი, მილიტარიზმი და გამალებული შეიარაღება. იქმნებოდა სახელმწიფოთა ახალი კავშირები სხვა კავშირების წინააღმდეგ. ყველაზე მძაფრი იყო დაპირისპირება 1870-1871 წლების ომში პრუსიასთან დამარცხებულ საფრანგეთსა და პრუსიის მიერ გაერთიანებულ გერმანიას შორის. ბალკანეთში დომინირებისათვის მძაფრი იყო მეტოქეობა რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის.
გაერთიანებული გერმანიის იმპერიის ეკონომიკა სწრაფად და ეფექტიანად განვითარდა, რასაც მისი სამხედრო პოტენციალის ზრდაც მოჰყვა. გერმანული დისციპლინა ამ უპირატესობას აორმაგებდა. გერმანია ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. ყ|ყ საუკუნის ბოლოს, იმპერატორ ვილჰელმ ||-ის ზეობისას, გერმანია ოკეანეების გადაღმა კოლონიებითაც დაინტერესდა. მსოფლიო კი თითქმის დანაწილებული იყო: კოლონიების უდიდესი ნაწილი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეკუთვნოდათ. სამხედრო კონფრონტაცია გარდაუვალი ხდებოდა.
ლონდონს მესამედი საუკუნე დასჭირდა იმ სიახლესთან შესაგუებლად, რომ მისი მთავარი მეტოქე ბერლინია და არა პარიზი. ამაში ის საბოლოოდ 1898 წელს დარწმუნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გერმანია სამხედრო-საზღვაო ძალების მკვეთრ ზრდას შეუდგა. ეს პირდაპირი გამოწვევა იყო "ზღვათა მპყრობელი" ბრიტანეთისათვის. 1904 წელს ლონდონმა პარიზთან "გულითადი შეთანხმება" (უტეუტეუ სწკვშფდუ) დადო, რომელიც გერმანიის ამბი-ციების დასაოკებლად იყო მოწოდებული. ბრიტანულ-ფრანგულ ალიანსს "ანტანტა" დაერქვა.
გერმანიასთან რევანშის აღების სურვილით ანთებულმა საფრანგეთმა, რომელიც თავის სისუსტეს გრძნობდა, ყველაფერი გააკეთა, რომ თავის კიდევ ერთ მოკავშირედ ექცია ეკონომიკურად ნაკლებ განვითარებული, მაგრამ ტერიტორიით მსოფლიოში უდიდესი, და ხალხმრავალი რუსეთის იმპერია. 1894 წლიდან მოქმედებდა ფრანგულ-რუსული საიდუმლო სამხედრო კონვენცია, რომლის შესაბამისად ქვეყნები კისრულობდნენ ერთმანეთისათვის სრული სამხედრო დახმარებიის აღმოჩენას ერთ-ერთ მათგანზე გერმანიისა და მისი მოკავშირეების თავდასხმის შემთხვევაში. გერმანიის მოკავშირეები კი 1882 წლიდან იყვნენ ავსტრია-უნგრეთი და იტალია.
აქვე უნდა ითქვას, რომ 1914 წელს იტალიის მთავრობა თავისი ძველი მოკავშირეების მხარეს არ დადგა და საბოლოოდ "ანტანტას" მიემხრო. მის მხარეს ასევე გამოვიდნენ აშშ, იაპონია, ბრაზილია, ბრიტანული დომინიონები - კანადა, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის კავშირი, ახალი ზელანდია და ა.შ.
დიდი ომი ევროპაში 1914 წლამდე იმიტომ არ დაიწყო, რომ არსებობდა გარკვეული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ემყარებოდა როგორც "შიშის ბალანსს", ისე მეფეების პირად, ხშირად ნათესაურ, ურთიერთობებს. ომის ცეცხლის გასაჩაღებლად ნაპერწკლები არ კმაროდა: მუგუზალი იყო საჭირო!
საბოლოოდ კი, ბიძაშვილ-მამიდაშვილობის მიუხედავად, გერმანიის კაიზერმა ვილჰელმ || ჰოჰენცოლერნმა, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლაი || რომანოვმა, ინგლისის მეფე ჯორჯ ქ საქსენ-კობურგ-გოთამ არ შეუშალეს ხელი თავიანთ მინისტრებს წამოეწყოთ ის, რასაც შეიძლება "იმპერიების უკანასკნელი ომი" ვუწოდოთ.
...
ასი წლის წინ, აგვისტოს დასაწყისში ევროპაში დაიწყო დიდი ომი. ორიოდე თვის შემდეგ კი ნათელი შეიქნა, რომ ომი თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო და ის ხანგრძლივი იქნებოდა.
ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბეთთან ომის დაწყების საპასუხოდ, 30 ივლისს მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა შორის საყოველთაო მობილიზაცია პირველმა რუსეთმა გამოაცხადა.
მობილიზაციის გამოცხადება - ომია! ეს ყველა სამხედრო შტაბში იცოდნენ. ფაქტობრივად სწორედ პეტერბურგში მიეცა იმპულსი მსოფლიო ომს, თუმცა ფორმალურად ომის წამომწყებად ავსტრია-უნგრეთი და მისი მოკავშირე გერმანია მიიჩნიეს.
ბერლინმა პეტერბურგს ულტიმატუმი წაუყენა: ან მობილიზაციის შეწყვეტა ან ომი. პეტერბურგში ულტიმატუმს ყური არ ათხოვეს. ამიტომ 1 აგვისტოს დილას გერმანიამაც დაიწყო სრული მობილიზაცია და იმავე საღამოს, რეალური საომარი მოქმედების დაწყების გარეშე, გამოუცხადა ომი რუსეთს: იმ დროს ჯერ კიდევ მოქმედებდა შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ეს რაინდული წესი - ომის წინასწარ გამოცხადება.
საფრანგეთმაც მობილიზაცია 1 აგვისტოს გამოაცხადა, ანუ იმავე დღეს, როდესაც გერმანიამ. ამის საპასუხოდ ბერლინმა ჯერ ულტიმატუმი წარუდგინა პარიზს, ხოლო, 3 აგვისტოს ომი გამოუცხადა მას. საქმე დასწრებაზე მიდგა.
გერმანიის გენერალურ შტაბში შემუშავებული და ჯერ კიდევ 1905 წელს დამტკიცებული შლიფენის გეგმით, გერმანულ არმიას ექვს კვირაში უნდა მოესწრო საფრანგეთის დამარცხება, მანამდე, სანამ, რუსეთი მობილიზაციას დაამთავრებდა, და ამის შემდეგ მთელი ძალით აღმოსავლეთის ფრონტს უნდა მიბრუნებოდა: ბერლინში ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთის სრულ მობილიზაციას - ახალწვეულთა შეგროვებას, შეიარაღებას, თავდაპირველ წვრთნას - 40 დღეზე მეტი სჭირდებოდა. ალფრედ ფონ შლიფენის გეგმა არ ითვალისწინებდა არც ომში დიდი ბრიტანეთის შესაძლო ჩაბმას და არც რუსეთის ადრეულ შეტევას გერმანიაზე.
მაგრამ საქმე სხვანაირად წავიდა.
1914 წლის ზაფხულში დიდ ბრიტანეთს, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან, ძლიერ სახელმწიფოსა და უდიდესი კოლონიური იმპერიის მფლობელს, ჰქონდა საშუალება ეაქტიურა და არ დაეშვა ომი ევროპაში. მაგრამ მისმა მთავრობამ კარგა ხანს ამჯობინა ისეთი "ნეიტრალიტეტის" დაცვა, რომელიც ომს გარდაუვალს გახდიდა. 4 აგვისტოს კი გერმანიის მიერ ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევის გამო დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა. ბრიტანეთთან ერთად ომში ჩაერთვნენ მისი მრავალრიცხოვანი კოლონიები და დომინიონები.
რუსეთში არ დაუცადეს ძალების სრულ მობილიზაციას და აგვისტოს შუაგულში ორი რუსული არმია აღმოსავლეთ პრუსიაში შეიჭრა. შემდგომ გავრცელებული მითი კი ამტკიცებს, თითქოს პირველ მსოფლიო ომში გერმანია დაესხა თავს რუსეთს!
რუსეთს აჩქარება ძვირად დაუჯდა. გერმანელმა გენერლებმა ჰინდენბურგმა და ლიუდენდორფმა გაანადგურეს შემოჭრილი მტერი. რუსულმა || არმიამ არსებობა შეწყვიტა: ათობით ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩაბარდა. დამარცხებული რუსული არმიის სარდალმა გენერალმა ალექსანდრ სამსონოვმა 29 აგვისტოს თავი მოიკლა. გერმანიაში ეს გამარჯვება გამოაცხადეს სიმბოლურ რევანშად დაახლოებით იმავე ადგილზე (გრიუნვალდთან) პოლონელ-ლიტველ-რუსების მიერ 1410 წელს გერმანელ ტევტონთა ორდენის დამარცხებისათვის.
აღმოსავლეთ პრუსიაში რუსეთის არმიების შეჭრამ აიძულა გერმანიის გენერალური შტაბი გადაესროლა ძალები საფრანგეთში გახსნილი დასავლეთის ფრონტიდან აღმოსავლეთის ფრონტზე. რეალურად ამ ძალებმა ვერც მოასწრეს ბრძოლაში ჩაბმა: რუსები მათ უკვე დამარცხებულები დახვდნენ. ძალთა გაფანტვის გამო კი საფრანგეთში გერმანელთა ზეწოლა შესუსტდა...
იმავე 1914 წლის სექტემბერში პარიზის ახლოს, მდინარე მარნაზე, გერმანელებმა მძიმე მარცხი განიცადეს ფრანკო-ბრიტანულ არმიებთან ბრძოლაში. ორივე მხრიდან ორ მილიონზე მეტი ჯარისკაცი იბრძოდა, აქედან ნახევარი მილიონი დაიღუპა ან დაიჭრა.
გერმანული ბლიც-კრიგი (ელვისებური ომი) ვერ შედგა. მოწინააღმდეგეები სანგრებში ჩასხდნენ. დაიწყო ხანგრძლივი, ურთიერთგამომფიტავი პოზიციური ომი.
...
ევროპაში ორ ფრონტზე მებრძოლი გერმანია დაინტერესებული იყო, რომ რუსეთსაც ჰქონოდა დამატებითი ფრონტი და ძალიან მოიწადინა, დაეტაკებინა ერთმანეთისათვის რუსეთი და პროგერმანულად განწყობილი ოსმალეთი.
შავ ზღვაში ოსმალეთის ფლოტის, რომელსაც სარდლობდა გერმანელი ადმირალი ვილჰელმ სუშონი, 1914 წლის 29 ოქტომბრის სამხედრო პროვოკაციას - რუსეთის სანაპირო ქალაქების მოულოდნელ დაბომბვას - მოჰყვა რუსეთის მიერ 1914 წლის 2 ნოემბერს ოსმალეთისათვის ომის გამოცხადება. რუსეთი სამხრეთიდან ბლოკირებული აღმოჩნდა, რადგან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები მისთვის ჩაიკეტა, მაშინ როცა მას ძირითადად ამ გზით უნდა მიეღო დახმარება თავისი დასავლეთევროპელი მოკავშირეებისაგან.
ომის პირველ წლებში რუსეთმა ყველაზე მეტ სამხედრო წარმატებას ოსმალეთთან ბრძოლაში მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კავკასიური არმია მსოფლიო ომის მასშტაბით მცირე იყო (რუსეთის ძირითადი ძალები ევროპის ფრონტებმა შებოჭეს) და მას არ შეეძლო დიდი სტრატეგიული ამოცანების გადაჭრა, 1916 წელს რუსის ჯარის ხელში იყო ერზურუმი, ვანი, ტრაპიზონი მიმდებარე ტერიტორიებითურთ.
ამავე დროს რუსეთში ისევ აღორძინდა საუკუნოვანი იმედი, რომ ოსმალეთის დამარცხების შედეგად დაიპყრობენ კონსტანტინოპოლს, შავი ზღვის სრუტეებზე გაბატონდებიან და გავლენ ხმელთაშუა ზღვაზე!
ომის დაწყების შემდეგ დასავლეთელი მოკავშირეები რუსეთს ამ იმედს განუმტკიცებდნენ. 1915 წლის 12 მარტის ნოტით დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურად იღებდა ვალდებულებას ომში გამარჯვების შემდეგ რუსეთისათვის გადაეცა კონსტანტინოპოლი და შავი ზღვის სრუტეები მიმდებარე ტერიტორიითურთ. ცოტა მოგვიანებით ამ პირობას საფრანგეთიც დაეთანხმა.
კონსტანტინოპოლი/სტამბოლი ომის უძვირფასესი ნადავლი იქნებოდა და მისი გადასვლა ოსმალეთისაგან რუსეთის ხელში მთლიანად შეცვლიდა გეოპოლიტიკურ ვითარებას არა მარტო ევრაზიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.
მაგრამ რუსეთმა ვერ მიიღო მონაწილეობა ოსმალეთის დანაწევრებაში, რადგან ომს სეპარატულად გამოეთიშა. გამარჯვებულთა ნაალაფევში წილი მას არ ეკუთვნოდა.
მსოფლიო ომის დასასრული
გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მრავალი ცდა - დაზავებულიყვნენ ანტანტასთან, უშედეგო გამოდგა. ანტანტას ესაჭიროებოდა გადამწყვეტი გამარჯვება მტერზე, უპირველესად, გერმანიის სრული გაცამტვერება. ანტანტა მტრის სრულ და უპირობო კაპიტულაციას მოითხოვდა. უკვე 1916 წელს, მით უმეტეს მომდევნო წლებში, როდესაც ომში გერმანიის წინააღმდეგ ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები, შეიარაღებითა და ცოცხალი ძალის რაოდენობით ანტანტა მკვეთრად სჭარბობდა "ცენტრალურ სახელმწიფოებს".
ამავე დროს რუსეთი ძალიან დაიღალა, მას არ ჰყოფნიდა ფინანსები და შეიარაღება და ევროპაში ის ომს აგებდა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მეფის ტახტიდან გადადგომის (ფაქტობრივად - გადაყენების) ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი სავსებით მოსალოდნელი ნაბიჯი - დათანხმებოდა სეპარატულ ზავს გერმანიასთან.
1917 წლის მარტის დამდეგს პეტერბურგში დაწყებული არეულობა რევოლუციაში გადაიზარდა. შემდეგში მას რუსეთის თებერვლის რევოლუცია დაერქმევა. რუსეთში მონარქია გაუქმდა.
1917 წლის 7 ნოემბერს (ძველი სტილით ეს 25 ოქტომბერი იყო) რუსეთში კიდევ ერთი გადატრიალება მოხდა, რომელსაც მოგვიანებით ოქტომბრის რევოლუცია დაერქმევა. ბოლშევიკებმა დაამხეს დროებითი მთავრობა და ძალადობრივად დაეუფლნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას. 1918 წლის 3 მარტს ქ. ბრესტ-ლიტოვსკში მათ გერმანიასთან სეპარატულ ზავს მოაწერეს ხელი. რუსეთი ომს გამოეთიშა. გერმანელებს მხოლოდ დასავლეთის ფრონტი დარჩათ.
მაგრამ, დამშეული და სისხლისგან დაცლილი გერმანია ვეღარ უძლებდა ბრიტანულ-ფრანგული ძალების დაწოლას, რომელთაც უწყვეტად მოსდიოდათ დახმარება აშშ-დან, როგორც ცოცხალი ძალის, ისე საჭურვლის, საწვავისა და სურსათ-სანოვაგის სახით.
გერმანიის სუსტი მოკავშირეები - ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, ბულგარეთის სამეფო - ბრიტანულ-ფრანგული ძალების გადამწყვეტი შეტევის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. ისინი ძალიან გამოიფიტნენ და მორალურად გატყდნენ. 1918 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გერმანიის მოკავშირეები ზედიზედ დანებდნენ ანტანტას - დაზავებას მოაწერეს ხელი, რაც კაპიტულაციის ტოლფასი იყო. ხუხულასავით დაიშალა ავსტრია-უნგრეთის მრავალეროვანი იმპერია, სადაც გერმანულენოვანი ავსტრიელები მოსახლეობის სულ მეოთხედს შეადგენდნენ.
გერმანია სამხრეთიდან დაუცველი დარჩა. მისი უკმაყოფილო მოსახლეობა დრტვინავდა. სოციალისტი რადიკალები ამ უკმაყოფილებას აღვივებდნენ. 1918 წლის ნოემბრის დამდეგს გერმანიაში რევოლუცია დაიწყო.
სახელმწიფოს, რომლის მიწაზეც იმ დროს ჯერ არ გაეგონათ მტრის ჯარისკაცის ჩექმის ბრახუნი - გერმანული არმიები ჯერაც იდგნენ დასავლეთითა და აღმოსავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ანტანტის ძალიან მძიმე პირობებით დაზავების (რეალურად - კაპიტულაციის) გარდა სხვა გზა აღარ დარჩა.
1918 წლის მე-11 თვის 11 რიცხვში 11 საათზე მსოფლიო ომი დამთავრდა: ამ საათზე კომპიენის ტყეში, ფრანგი მხედართმთავრის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებელში, სწორედ იმ ვაგონში, სადაც 1871 წელს გერმანელებმა კაპიტულაციის პირობები უკარნახეს ფრანგებს, ამჯერად გერმანელმა გენერლებმა მოაწერეს ხელი დამამცირებელ ზავს.
...
ომი მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა ევროპელი მონაწილეებისათვის. დაიღუპა 10 მილიონზე მეტი ადამიანი, დაინგრა სოფლები და ქალაქები. თუმცა ამ ნგრევას ვერც შევადარებთ ბევრად უფრო სასტიკ და დამანგრეველ მეორე მსოფლიო ომს, მაგრამ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პირველ მსოფლიო ომში ბევრად უფრო დიდი ადამიანური დანაკლისი განიცადეს, ვიდრე მეორეში.
ბრიტანეთის იმპერიამ (თავის დომინიონებთან და კოლონიებთან ერთად) პირველი მსოფლიო ომის ოთხ წელიწადში მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა მოკლულებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულების სახით, მათ შორის 700 ათასი უშუალოდ ბრიტანეთის კუნძულების მკვიდრი იყო: ეს ორჯერ მეტია იმავე იმპერიის დანაკარგზე ექვსწლიანი მეორე მსოფლიო ომის დროს.
კიდევ უფრო დიდი დანაკარგი ჰქონდა საფრანგეთს - 1,4 მილიონი მოკლული და უგზოუკვლოდ დაკარგული.
აღსანიშნავია, რომ პირველ მსოფლიო ომში საკუთრივ ინგლისის ცოცხალი ძალის დანაკარგში საგრძნობი იყო არისტოკრატიის წარმომადგენელთა, ელიტური ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ხვედრითი წილი: ომში მოხალისედ წასვლა და იქ გმირულად დაღუპვა ინგლისელი ჯენტლმენის ღირსების საქმე იყო! ესეც გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ომის შემდეგ დასავლეთ ევროპაში პაციფიზმმა დაისადგურა. პაციფიზმი და ევროპის ელიტური ახალგაზრდობის დანაკარგი იმის გამოც ვახსენე, რომ მათ კავშირი აქვთ ომისშემდგომი სამხრეთ კავკასიის ბედ-იღბალთან.
მეომარი ქვეყნები გამოიფიტნენ. სხვა ერის "დაღლის ფაქტორს" მსოფლიოს მეორე კუთხეში ხანდახან უგულვებელყოფენ და მძლეთამძლისაგან შეუძლებელს ითხოვენ. ომში გამარჯვებული "ანტანტის" ქვეყნების საზოგადოება 1918 წლისათვის იმდენად დაიღალა ომისაგან, იმდენად დაიცალა სისხლისაგან, რომ ომისშემდგომ წლებში შორეული კავკასიის საქმეებში ჩასარევად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობები თავის ელექტორატებს ვერაფრით დაითანხმებდნენ. კავკასიის მიმართ არც დასავლეთ ევროპას და არც იმდროინდელ ამერიკის შეერთებულ შტატებს სათანადო ინტერესი არ გამოუხატავთ და აქ რუსეთის ხელახალი გაბატონებისათვის არსებითად ხელი არ შეუშლიათ.
მსოფლიო ომის პოლიტიკურ-გეოგრაფიული შედეგები
ომის შედეგად დაიშალა ოთხი იმპერია - ავსტრია-უნგრეთი, გერმანია, რუსეთი და ოსმალეთი. მონარქიების ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები შეიქმნა.
1918 წელსვე დაიწყო მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკური რუკის შექმნა.
ევროპაში ხელახლა აღდგნენ შუა საუკუნეებში არსებული პოლონეთი, ავსტრია, უნგრეთი, ლიტვა. აღმოცენდნენ ადრე არარსებული სახელმწიფოები ფინეთი, ლატვია, ესტონეთი, ჩეხოსლოვაკია (ცალკე ჩეხეთის სამეფოს ადრეც უარსებია). ისტორიაში პირველად პოლიტიკურ რუკაზე გამოჩნდნენ, თუნდაც მცირე ხნით, ისეთი ერთეულები, როგორიც ახლაც არიან უკრაინა და ბელარუსი. სერბების ჰეგემონიით ერთ სახელმწიფოში - სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოში (1929 წლიდან მას იუგოსლავია ეწოდა) გაერთიანდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველა სლავი ხალხი, გარდა ბულგარელებისა.
1922 წელს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის შეერთებული სამეფოს ნაწილში, კუნძულ ირლანდიაზე (ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ოლსტერის გარეშე) შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო - ეირე, ჯერ ბრიტანული დომინიონი, შემდგომში - რესპუბლიკა.
კავკასიაში შეიქმნა სამი რესპუბლიკა - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ჯერ კიდევ 1914 წელს ოსმალეთის იმპერიას გამოეყო ბრიტანული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ეგვიპტე. ომის დროსვე ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა იემენი, როდესაც ის ოსმალეთის სამხედრო ნაწილებმა დატოვეს. 1916 წელს ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჰიჯაზმა, სადაც მდებარეობს მუსლიმთა წმინდა ქალაქები მექა და მედინა. ამჟამად ჰიჯაზი აღარ არსებობს: 1925 წელს ის დაიპყრო აბდალაზიზ ას-საუდმა, რომელმაც 1932 წელს საუდის არაბეთის სამეფო შექმნა.
ერთა ლიგის მანდატით 1920-იანი წლების დამდეგს შეიქმნა სირია, ლიბანი, ერაყი, პალესტინა, ტრანსიორდანია, რომელთაც თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში "ანტანტის" ქვეყნები მართავდნენ.
მსოფლიო ომი რომ არ მომხდარიყო: ერთგვარი ქართული რეტროსპექტივა
ომი უბედურებაა. მაგრამ ის სამწუხარო რეალობაა და მას სხვადასხვანაირი შედეგი მოჰყვება ხოლმე.
რაც შეეხება საქართველოს, ის მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი. აქედანაც ბევრი ადამიანი გაიწვიეს, ძირითადად დასავლეთის ფრონტზე, რადგან ოსმალეთთან ფრონტი უფრო გვიან გაიხსნა. ბევრმა ქართველმა გენერალმა, ოფიცერმა და ჯარისკაცმა რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ გმირულად იბრძოლა.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწორედ ომის დროს, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად დამარცხდა გერმანიასთან ომში, შესაძლებელი გახდა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყო. მართალია, იმდროინდელ საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის - სოციალ-დემოკრატების მემარჯვენე ფრთის, ე.წ. მენშევიკების - ხელმძღვანელობას სოციალისტური გარდაქმნები მთელ რუსეთის იმპერიაში უნდოდა და რუსეთისაგან საქართველოს გამოყოფაზე თავიდან არ ფიქრობდა, მაგრამ ისტორიულმა რეალობამ აიძულა მენშევიკები დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლები გამხდარიყვნენ. მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 28 და 30 მაისს მას მიბაძეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ ცნო. 1921 წლის დამდეგს "ანტანტის" ქვეყნებმაც გვაღიარეს, მაგრამ ერთა ლიგაში საქართველო არ მიიღეს, რადგან მსოფლიო ომში გამარჯვებულ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს არ შეეძლოთ მისი დაცვა მოსალოდნელი აგრესორისაგან. ამიტომაც დამოუკიდებელი საქართველო, სამხრეთ კავკასიის ორ სხვა რესპუბლიკასთან ერთად, ამჯერად კომუნისტური მთავრობის მქონე რუსეთის მსხვერპლი გახდა.
მაგრამ ომის პერიოდში მოპოვებული დამოუკიდებლობის ორი-სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოების ფორმირება დაწყებულიყო. 1920-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებულ რუსეთს მოუხდა შექმნილი რეალობების გათვალისწინება და აქ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნა, რომლებიც, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, თუნდაც ფიქტიურად გამოცხადებული "სუვერენული სახელმწიფოების" სტატუსით და კავშირიდან "თავისუფალი გასვლის" უფლებით. საბჭოთა კონსტიტუციის ეს დათქმა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად 15 ახალი სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების საფუძველი გახდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს აღიარა. სხვა საქმეა, რომ იმავე რუსეთმა 2008 წელს ეს საზღვარი დაარღვია.
შეიძლება დავუშვათ ასეთი რამ: რომ არ მომხდარიყო პირველი მსოფლიო ომი; რუსეთი რომ არ დამარცხებულიყო ამ ომში; ომის დროს, 1918 წელს, რომ არ გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაშინ სულ სხვაგვარი განვითარების სცენარი გვექნებოდა, ვფიქრობ - ჩვენთვის არც თუ სასარგებლო.
No comments:
Post a Comment