Thursday, January 23, 2020

სამეფო სამთავროების აღმოცენება


კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება

კახეთი შედიოდა ქართლის სამეფოს, ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს შემადგენლობაში. VII ს-ში და VIII ს-ის პირველ ნახევარში ქართლი მოიცავდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს და ის არაბთა სახალიფოს ქვეშევრდომი იყო, მაგრამ VIII ს-ის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ საქართველოში, არაბული წყაროები ცალკ-ცალკე ასახელებენ ქართლსა (ჯურზან) და სანარიას, რაც ამ დროს კახეთს გულისხმობს. კახეთის სამთავროს წარმოშობა უშუალოდ უკავშირდება წანარებისწანარეთის ხევის ისტორიას. წანარეთისა და წანარების შესახებ ცნობები მოგვეპოვება ქართულ, არაბულ და სომხურ საისტორიო წყაროებში. ქართული წყაროების „წანარეთი“, არაბული წყაროების „სანარია“ და სომხური წყაროების „წანარქ“ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ეთნო-ადმინისტრაციული ერთეულია. წანარეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დარიალის კარის, მდინარე არაგვის სათავეებში მდებარეობდა და მოიცავდა ჯვრის უღელტეხილსა და მისი მიმდგომი მხარის მიწა-წყალს (თანამედროვე ყაზბეგის რაიონს). ეს მხარე მდიდარია IX-X საუკუნეების საკულტო ძეგლებით. XVI-XVII საუკუნეების რუსულ წყაროებში არაგვის საერისთავოს სიონის (სონის) საერისთავო ეწოდება, რაც მიუთითებს სიონის მნიშვნელობაზე არაგვის ხეობაში, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წანარეთის ადმინისტრაციული ცენტრი სიონ-გარბანში იყო. საისტორიო წყაროებში ის აგრეთვე მოიხსენიება როგორც „წანარეთის ხევი“. დროთა განმავლობაში „წანარეთი“ ჩამოშორდა და დარჩა „ხევი“. ამ „ხევის“ ფარგლებში იყო კავკასიონის ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი, დარიალის ხეობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაში. მას ჰქონდა როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა (ამ გზით ქართველები და უცხოელი დამპყრობლებიც ქირაობდნენ სამხედრო რაზმებს), გარდა ამისა, აქედან სამხრეთ კავკასიაში და წინა აზიაში იჭრებოდნენ ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეები, ამიტომ დარიალის ჩაკეტვით დაინტერესებულნი იყვნენ როგორც ქართველი ხელისუფლები, ისე წინა აზიაში გაბატონებული დამპყრობლები და რადგანაც დარიალი და არაგვის ხეობა კახეთთან იყო დაკავშირებული, წანარების ისტორია ორგანულად უკავშირდება კახეთისას.
VII საუკუნის შუა წლებში წანარები, სხვა ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, არაბთა მფლობელობაში მოექცნენ. მართალია, არაერთგზის ჰქონდა ადგილი დამპყრობთათვის დაუმორჩილებლობასა და ხარკის გადახდაზე უარის თქმას, მაგრამ არაბთა სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციები ახერხებდნენ ძველი მდგომარეობის აღდგენას. VIII საუკუნის შუა წლებიდან კი წანართა ურჩობამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. ჩანს ამავე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან იწყება მათი ბრძოლის გააქტიურება. ამასთანავე წანარები სათავეში უდგებიან (თუ წარმართავენ?) კახეთის გაერთიანებისა და ერთიანი სამთავროს ჩამოყალიბების პროცესს. ბრძოლა დაძაბულია, გამოგზავნილი სამხედრო ძალები უმრავლეს შემთხვევაში მარცხდებიან. სავარაუდოა, რომ VIII საუკუნის 60-70-იან წლებში უკვე არსებობს წანართა მოთავეობით არაბთა წინააღმდეგ საერთო ძალით ბრძოლის კავშირი, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზმად ყალიბდება, რომელსაც არაბები სანარიას უწოდებენ, ქართველები კი კახეთს. ნიშანდობლივია, რომ იგივე წყაროები VIII ს-ის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისის მოვლენებში ჯურზანს (საკუთრივ ქართლს) და სანარიას (კახეთს) ერთმანეთს უპირისპირებენ. იმდროინდელი არაბული წყაროების სანარია უკვე ქართლიდან გამოყოფილი კახეთის სამთავროა, სადაც წამყვან ძალას წანარები წარმოადგენენ. კახეთის პირველი მთავრები, ჩანს, წანართა დინასტიიდან იყვნენ. VIII ს-ის 80-იან წლებში კახეთის გაერთიანება, სამთავროს შექმნა წანართა მოთავეობით მომხდარი ფაქტია.
იმყოფებოდნენ რა არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში და საფუძველს უყრიდნენ კახეთის ქვეყნების გაერთიანებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, წანარები ენით ქართველები, სარწმუნოებით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და კახეთის სამთავროს ქართული სახელმწიფოს შექმნას ემსახურებოდნენ.

სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება

ტაო-კლარჯეთის (ქართველთა) სამეფო X საუკუნეში.
გრიგოლ ხანძთელი
საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ქართლი ქვეყნის ცენტრს წარმოადგენდა. სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს, არაბთა შემოსევების დროს პირველად დარტყმას სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შეძლეს დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება, აგრეთვე უჭირდათ კახეთის მთიანეთის დამორჩილებაც. არაბთა სახელმწიფო ევროპაშიაზიაში და აფრიკაში იყო გადაჭიმული, იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. სახალიფოს სიმტკიცე მხოლოდ სამხედრო ძლიერებაზე იყო დამოკიდებული. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება, რაც საქართველოშიც აისახა. ამ პერიოდში იწყება ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება, რომლებიც არაბებისგან დამოუკიდებლობისთვის იწყებენ ბრძოლას.
ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო. ამ სამთავროს შექმნა დაკავშირებულია წანარებთან. წანარები იყო ქართული ტომი, რომელიც დარიალის ხეობაში სახლობდნენ. შემდგომში ისინი დღევანდელ თიანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. VIII საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ არაბთა წინააღმდეგ აჯანყებები დაიწყეს. VIII საუკუნის ბოლოს კახეთი უკვე არაბებისაგან დამოუკიდებელი გახდა. ამ პერიოდში სამთავროს ცენტრი გახდა თიანეთი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს. მალე კახეთის სამთავრომ აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. იბრძვის არაბთა წინააღმდეგ, მონაწილეობს საქართველოს გაერთიანების პროცესში, აფართოებს საზღვრებს.
კახეთის აღმოსავლეთით VIII საუკუნის მეორე ნახევარში ყალიბდება ჰერეთის სამეფო. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს ის წარმოადგენდა ქართლის ერთ-ერთ საერისთავოს. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მმართველები იღებენ ”რანთა მეფის” ტიტულს. არსებობს თვალსაზრისი, რომ ჰერეთის მეფეები ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები იყვნენ. სამეფოს დედაქალაქი შაქში იყო.
განსხვავებულ ვითარებაში ხდება აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბება. საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში არაბთა ბატონობა ფაქტობრივად ვერ დამყარდა. აქ ძირითადი მოწინააღმდეგე ბიზანტია იყო. VIII საუკუნის დასაწყისში იწყება აფხაზთა საერისთავოს გაძლიერება. თავდაპირველად ამას ბიზანტიაც უწყობდა ხელს, რადგან იმედი ჰქონდა, რომ გაძლიერებულ საერისთავოს არაბების წინაააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებდა. აფხაზთა საერისთავო თანდათანობით აფართოებს საზღვრებს, იერთებს აფშილეთს. VIII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის მთავარმა ლეონ II-მ ისარგებლა ბიზანტიის დასუსტებით და დახმარებისთვის ხაზარებს მიმართა. დროთა განმავლობაში აფხაზებმა კონტროლი დაამყარეს მთელ დასავლეთ საქართველოზე. რადგან ლეონ II და მისი წინაპრებიც აფხაზთა ერისთავები იყვნენ, ახლად შექმნილ სახელმწიფოს მმართველებმა მიიღეს აფხაზთა მეფის ტიტული. სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო. აფხაზეთის მთავრები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ. დასავლეთ საქართველოში არსებობდა ეპარქიები, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. აფხაზთა მეფეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები მცხეთის კათალიკოსისთვის დაექვემდებარა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღვოდა ქვეყნის ეკლესიური გაერთიანება. მთელი საქართველო დაექვემდებარა მცხეთის საკათალიკოსოს.
ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. არაბებთან წინააღმდეგობის გამო IX საუკუნის დასაწყისში, ქართლის ბოლო ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა მიატოვა ქართლი და თავის ოჯახთან და მომხრეებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კლარჯეთს შეაფარა თავი. აშოტმა აღადგინა ვახტანგ გორგასლის დროს დაარსებული არტანუჯი და თავის რეზიდენციად აქცია. აშოტ ბაგრატიონზე ცოტა ადრე დაიწყო ამ მხარეში მოღვაწეობა, უდიდესმაა სასულიერო პირმა გრიგოლ ხანძთელმა. ამ ორი პიროვნების საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის გაძლიერებას. შეიძლება ითქვას, რომ აშოტის და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით იწყება საქართველოს გაერთიანება. ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატის ტიტული უბოძა. ფორმალურად აშოტს ბიზანტია მფარველობდა, რეალურად კი მხოლოდ თავისი ძალებით უხდებოდა სამთავროს გაძლიერება. აშოტის დროს სამთავროს ფარგლებში შევიდა: შავშეთიტაოსამცხეჯავახეთიარტაანი. მან შეძლო შემოეერთებინა შიდა ქართლის ნაწილიც. აშოტის პოლიტიკას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა ქვეყნის შიგნით. ისტორიკოს სუმბატ დავითის ძის გადმოცემით, აშოტი 826 წელს შეთქმულებმა მოკლეს. მეფე აშოტ კურაპალატს დარჩა სამი ვაჟი: ადარნასებაგრატი და გუარამი. კურაპალატობა და ქვეყნის მართვა ბაგრატს ერგო. ბაგრატიონთა გაიყო არტანუჯელ (ადარნასეს მემკვიდრეები) და ტაოელ ბაგრატიონთა შტოდ (მომავალში ერთიანი საქართველოს მეფეები). აშოტის გარდაცვალების შემდეგ სამთავრო დასუსტდა და ტერიტორიებიც დაკარგა. 888 წელს ბაგრატ კურაპალატის შვილმა ადარნასემ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. ამ დროიდან ტაო-კლარჯეთის სამეფოს ქართველთა სამეფო ეწოდა. ქართველთა სამეფო პატარ-პატარა სამთავროებისაგან შედგებოდა. ყველა ბაგრატიონს თავისი კუთვნილი სამფლობელო ჰქონდა. ნომინალურად მათი მმართველი ქართველთა მეფე იყო, მაგრამ ყველა თავისი ნებით მოქმედებდა.
ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა თბილისის საამირო. არაბთა სახალიფოს დასუსტების პარალერულად მცირდებოდა მათი გავლენა თბილისის ამირებზეც. შიდა ქართლის დაკარგვის შემდეგ საამიროს საზღვრებს შორის მხოლოდ თბილისი და მისი შემოგარენნი დარჩნენ.

   

სამეფო სამთავროების აღმოცენება

კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება კახეთი შედიოდა  ქართლის სამეფოს , ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ,  ქართლი...